აღმოჩნდა, რომ შინაგანი მოტივაციის მქონე მოსწავლეები უფრო მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებიან სწავლას, ხასიათდებიან თვითრეგულაციის/თვითკონტროლის მაღალი უნარით და ზოგადად უფრო დადებითი განწყობა აქვთ განათლების, სწავლის მიმართ . შინაგანად მოტივირებული მოსწავლეები უფრო თავდაჯერებულები არიან .
გარეგანი მოტივაციის მქონე მოსწავლეები ხასიათდებიან სირთულეების და რისკის მიმართ მკაფიოდ გამოხატული შიშით. როგორც წესი, ასეთი მოსწავლეების მიზანია, ნებისმიერ სიტუაციაში ძალისა და ენერგიის მინიმალური დანახარჯებით მაქსიმალური ეფექტის მიღება. ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამოყენებული გარეგანი მოტივაცია თითქმის შეუძლებელს ხდის მნიშვნელოვანი წარმატებების მიღწევას .
სასწავლო გარემოს უდიდესი გავლენა აქვს მოსწავლეთა მოტივაციაზე . არსებობს სასწავლო გარემოს რამდენიმე კომპონენტი, რომლებსაც განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა მოტივაციისთვის. ეს კომპონენტებია – სასწავლო აქტივობები, მოსწავლეთა შეფასება/წახალისება და კონტროლის/პასუხისმგებლობების განაწილება.