მოტივაცია მოსწავლის ცნობისმოყვარეობისათვის აუცილებელი პირობაა და ხელს უწყობს განათლების, ცოდნის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას . ტერმინი “მოტივაცია” ფსიქოლოგიაში დაახლოებით 100 წლის წინ დამკვიდრდა და არსებობის მანძილზე, ფაქტობრივად, არ შეუცვლია პირვანდელი მნიშვნელობა . მოტივაცია არის ორგანიზმის შინაგანი მდგომარეობა, რომელიც გულისხმობს ენერგიის მიმართვას გარკვეული (ადამიანისთვის სასურველი) მიმართულებით . პედაგოგიკაში და პედაგოგიურ ფსიქოლოგიაში ტერმინს “მოტივაცია” იყენებენ მოსწავლის სწავლის პროცესში ჩართულობის, მისი სწავლის მიმართ ინტერესისა და დადებითი განწყობის აღნიშვნისათვის.
იმის მიხედვით, თუ რა აღძრავს მოსწავლის ინტერესს, რა განაპირობებს მის ქცევას, სპეციალურ ლიტერატურაში განასხვავებენ მოტივაციის ორ ფორმას – შინაგან და გარეგან მოტივაციას .
შინაგანი მოტივაცია- ადამიანის ქცევა განპირობებულია პიროვნული ფაქტორით, კონკრეტული ქცევის /მისი შედეგების მიმართ შინაგანი იტერესით. ასე მაგალითად, შინაგანი მოტივაციის შემთხვევაში მოსწავლე წიგნს კითხულობს იმიტომ, რომ ეს ქცევა მისთვის თავისთავად ღირებულია, საინტერესო და სასიამოვნოა, შესაბამისად, მისი განხორციელება შინაგანი კმაყოფილების გრძნობასთან არის დაკავშირებული.