COSERE | 5 მოდული A განვითარებაზე ორიენტირებული და მდგრადი ორგანიზაციის ჩამოყალიბება მოდულის მიზანია დაეხმაროს უწყვეტ პროფესიულ განვითარებაში (CPD) ჩართულ პირებს, გაეცნონ სკოლის განვითარებისათვის აუცილებელ ისეთ ცნებებს, როგორებიცაა: სასწავლო ორგანიზაცია, კოლეგების მხარდაჭერა, თანამშრომლობითი და კოლეგიალური კულტურა და ა.შ. მოდულის კიდევ ერთი მიზანია მონაწილეების - სკოლის ხელმძღვანელების - მხარდაჭერა კოლეგიალობის კულტურის დანერგვისა და ამ პროცესში საკუთარი როლის მნიშვნელობის გააზრებაში. სწავლის შედეგები მოდულის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ: • გააცნობიერონ ორგანიზაციასა და მის კულტურასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ცნებები; • გამოიყენონ კონკრეტული ინსტრუმენტები სკოლაში თანამშრომლობითი კლიმატის გასაუმჯობესებლად და სკოლის პერსონალის მოტივირებისათვის; • გაიაზრონ სკოლის ხელმძღვანელის როლი სასწავლო ორგანიზაციის კულტურის გაძლიერების პროცესში; • გააცნობიერონ კოლეგიალური მხარდაჭერის არსი, მასთან დაკავშირებული ტერმინები და მათი მნიშვნელობა სკოლის მუშაობის ხარისხის განვითარებაში; • გაიაზრონ სკოლის ხელმძღვანელის როლი კოლეგიალური მხარდაჭერისა და სკოლის საქმიანობის ხარისხის განვითარებაში. სამიზნე ჯგუფი სკოლების ხელმძღვანელი და მმართველი გუნდები (სკოლის დირექტორები, დირექტორის მოადგილეები, საგნობრივი ჯგუფების ხელმძღვანელები, დამხმარე პერსონალი, კონსულტანტები და კარიერული მრჩევლები). შესავალი დღეს, როგორც არასდროს, სკოლებს მოეთხოვებათ ისწავლონ უფრო სწრაფად, რათა ეფექტურად გაუმკლავდნენ სწრაფად ცვალებადი გარემოდან მომდინარე ზეწოლას. ამ კონტექსტში, სულ უფრო მეტი მკვლევარი, პედაგოგი და პოლიტიკის შემქმნელი აღნიშნავს, რომ საჭიროა სკოლის „სასწავლო ორგანიზაციად“ რეკონცეპტუალიზაცია, რაც, მათი აზრით, სასკოლო ორგანიზაციის იდეალურ სახეს წარმოადგენს ორგანიზაციული ცვლილებებისა და ინოვაციების ხელშესაწყობად, ეფექტურობის, ანუ მოსწავლეთა აკადემიური მიღწევებისა და სხვა მნიშვნელოვანი შედეგების გასაუმჯობესებლად (Kools & Stoll, 2016). კულტურასა და თანამშრომლობაზე ორიენტირებული გარემო აუმჯობესებს სკოლაში მიმდინარე სასწავლო პროცესებს. კვლევები გვიჩვენებს, რომ მასწავლებლებს შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ორგანიზაციაში მიმდინარე სასწავლო პროცესებზე და ადამიანების პროფესიულ ზრდაზე. როდესაც მასწავლებლები ერთად მუშაობენ ინოვაციებზე, ისინი ახერხებენ ბევრად უფრო ეფექტურად და სწრაფად შეასრულონ მოთხოვნები, გაიუმჯობესონ პროფესიონალიზმი, სამუშაოთი კმაყოფილება და მედეგობა. მედეგი სკოლები და მედეგი მასწავლებლები კი დადებით გავლენას ახდენენ მოსწავლეთა ზოგად მოსწრებაზე.
RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=