68 | COSERE 2.1. ემპათია. ემპათია არის „კომპლექსური კოგნიტიურ-აფექტური უნარი, რომელიც საშუალებას გვაძლევს „გავაცნობიეროთ“ (აღვიქვათ, შევიგრძნოთ, განვიცადოთ, გონებით ჩავწვდეთ), თუ რას განიცდის სხვა ადამიანი“ (Jordan 2010, 103). უფრო მარტივად, კემბრიჯის ლექსიკონი ემპათიას შემდეგნაირად განმარტავს: „სხვა პიროვნების გრძნობების ან გამოცდილების გაზიარების უნარი იმის წარმოდგენით, თუ როგორი იქნებოდა ამ ადამიანის ადგილას ყოფნა“ (Cambridge Dictionary, 2024). გარკვეული გაგებით, ემპათია ფსიქოლოგიური მანიფესტაციაა ერთი ცნობილი გამონათქვამისა, რომლის თანახმადაც, სანამ ვინმეს განსჯით, მანამდე „მისი ფეხსაცმლით ერთი კილომეტრი მაინც უნდა გაიაროთ“ (ან „სანამ ვინმეს განსჯი, ჯერ მის ადგილას უნდა წარმოიდგინო თავი“). კომუნიკაციის თეორიაში ემპათიას წამყვანი ადგილი უკავია, ხოლო ჰოფმანის აზრით, ეს არის წებო, რომელიც საზოგადოებაში ცხოვრებას შესაძლებელს ხდის (Hoffman, 2000). წინა თავში ვისაუბრეთ, რომ ცოდნა ვრცელდება კომუნიკაციის საშუალებით, განურჩევლად იმისა, გამიზნულად სრულდება კომუნიკაცია თუ უნებლიეთ, ასევე კონსტუირდება ადამიანის ან ადამიანების მიერ, რომელთაც კომუნიკაცია მიემართებათ. ამ პროცესში ჩართული ორივე მხარისთვის აუცილებელია ემპათია. ადამიანი, რომელიც მაღალი ემპათიურობით გამოირჩევა, დიდი ალბათობით, უფრო მეტად ცნობიერი ფორმით ახდენს კომუნიკაციას, რაც ეხმარება მას უფრო მნიშვნელოვანი კავშირების დამყარებაში. ანალოგიურად, ემპათიური ადამიანი, რაიმე წინადადების ან შეკითხვის მოსმენისას, ბუნებრივია, უფრო მეტი ემპათიურობით მოახდენს მოსაუბრის ნათქვამის ინტერპრეტირებას, რაც საშუალებას მისცემს ამ უკანასკნელს, თავი იგრძნოს უფრო დაცულად კომუნიკაციის პროცესში. თუმცა, ზემოაღნიშნულ თემაზე საუბრისას, რექს რექტორი უტილიტარული ფორმით მიუდგა განათლების სფეროში ემპათიის საკითხს და აღნიშნა: „შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საგანმანათლებლო მიზნების მიღწევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, თუ რამდენად შეუძლიათ მოსწავლეებსა და პედაგოგებს პროგნოზირება ან საკუთარი თავის პროექცია ერთმანეთის პასუხებში“ (Rector, 1953). აღნიშნული ადასტურებს წინა თავებში განხილულ „გაურკვევლობის შემცირების თეორიას“, კერძოდ, სასარგებლო სასწავლო შედეგები მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში მიიღება მაშინ, როდესაც მონაწილეებმა 1) იციან, თუ რას უნდა მოელოდონ ერთმანეთისგან და 2) შეუძლიათ ემპათია გამოიჩინონ ერთმანეთისადმი. ეს კონცეფცია ლოგიკურად ვრცელდება განათლების ყველა ინტერპერსონალურ ურთიერთობაზე, მათ შორის კოლეგებს შორის ურთიერთობებზე. მაშასადამე, ემპათიის მნიშვნელობის გააზრება შედარებით მარტივია ინტერპერსონალურ ურთიერთობებში. გარდა ამისა, ვინაიდან დასაქმების ადგილი განისაზღვრება ზემოთ აღნიშნული ურთიერთობებით (განსაკუთრებით ისეთ ინდუსტრიაში, როგორიც განათლებაა, სადაც ინტერპერსონალური ურთიერთქმედება ყოველდღიური ცხოვრების ცენტრალური ნაწილია), ემპათიის როლი განათლების სექტორში ნამდვილად აშკარაა. მაგრამ როგორ მოვახერხოთ რეალურად ამ სასიცოცხლო თვისების ინტეგრირება? მე-2 უნითის, წინამდებარე ქვეთავში განვიხილავთ კომუნიკაციის ეფექტურ ტექნიკებს, მათ შორის აქტიურ მოსმენასა და ურთიერთგაგებას, რაც გარკვეულწილად პასუხს გაგვცემს დასმულ შეკითხვაზე.
RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=