104 | COSERE სკოლაში კონფლიქტების მართვის ძირითადი ელემენტები და პრინციპები შეიძლება ითქვას, რომ სკოლაში კონფლიქტების ეფექტური მართვისთვის, აუცილებელია ცნობიერების ამაღლება, კომუნიკაციის ღიაობის ხელშეწყობა, კონფლიქტების მართვის უნარის სწავლება და ურთიერთპატივისცემის გამაძლიერებელი ინკლუზიური გარემოს შექმნა. ქვემოთ დეტალურად განვიხილავთ კონფლიქტის მართვის ძირითად ელემენტებს და ასევე გზებს, თუ როგორ გამოიყენოთ ისინი სკოლაში, თუკი ხართ მოსწავლე, მასწავლებელი ან პერსონალის წევრი. • პროაქტიული მიდგომა შეინარჩუნეთ პროაქტიულობა, თუ გსურთ კონფლიქტის ესკალაციამდე დაადგინოთ მისი პოტენციური წარმომავლობა. შეგიძლიათ წინასწარ განჭვრიტოთ პრობლემები და იმუშაოთ მათ პრევენციაზე ეფექტური კომუნიკაციისა და პრობლემების გადაჭრის მეთოდებით. მაგალითად, აღიარეთ და წაახალისეთ მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობა, დააფასეთ მათი ძალისხმევა და მიღწევები. • ღია კომუნიკაცია ხელი შეუწყვეთ და შეინარჩუნეთ კომუნიკაციის ღიაობის კულტურა, სადაც ყველა დაინტერესებული მხარე თავს კომფორტულად იგრძნობს, ისაუბროს საკუთარ წუხილზე, იდეებსა და პერსპექტივებზე. წაახალისეთ უკუკავშირი და შექმენით არხი გამჭვირვალე დიალოგისთვის. • აქტიური მოსმენა გამოიყენეთ აქტიური მოსმენა, რათა სრულად გააცნობიეროთ კონფლიქტში ჩართულ პირთა წუხილი და მოსაზრებები. გამოხატეთ ემპათია და აგრძნობინეთ ადამიანებს, რომ მათი გესმით და პატივს სცემთ. მაგალითად, თუკი შეამჩნევთ, რომ მოსწავლეს დავალება არ აინტერესებს, დაუთმეთ მას რამდენიმე წუთი და ჰკითხეთ: “ვხედავ, რომ დავალება გერთულება. შეგიძლია, მითხრა რომელი ნაწილია შენთვის გამოწვევა? ამით მე შევძლებ უკეთ დაგეხმარო სირთულეების დაძლევაში.” არ უთხრათ, რომ დავალება მარტივია და კარგად გაართმევს თავს. იქონიეთ არაშემფასებლური და არადომინანტური დამოკიდებულება. • სამართლიანობა და თანასწორობა დარწმუნდით, რომ კონფლიქტის მოგვარების პროცესი არის სამართლიანი და თანასწორი. ლიდერმა უნდა შეინარჩუნოს მიუკერძოებლობა, პატივისცემით მიუდგეს ყველა მონაწილე მხარეს და უზრუნველყოს, რომ გადაწყვეტილებები სამართლიანობის პრინციპის დაცვით იქნას მიღებული. • გადაწყვეტილების ერთობლივად მიღება ჩართეთ დაინტერესებული მხარეები გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რათა ადამიანებს გაუჩნდეთ მიკუთვნებულობის განცდა და თავიდან იქნას აცილებული კონფლიქტები, რომლებიც იზოლაციის ან გამჭვირვალობის ნაკლებობისგან წარმოიქმნება. მაგალითად, თუკი გსურთ კლასში გარკვეული წესების დამკვიდრება, გაესაუბრეთ ამის შესახებ კოლეგებს და უშუალოდ კლასს, ასევე პრაქტიკაში გამოიყენეთ ყველა სხვა საკვანძო ელემენტი.
RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=