COSERE | 115 ემპათია ემპათია არის უნარი გავაცნობიეროთ ან შევიგრძნოთ, თუ რას განიცდის სხვა ადამიანი და მისი „თვალით“ შევხედოთ სამყაროს. ეს არის უნარი, „წარმოვიდგინოთ სხვა ადამიანის ადგილას საკუთარი თავი“ და შესაბამისად ვიფიქროთ და შევიგრძნოთ. არსებობს ემპათიის ორი ტიპი: აფექტური და კოგნიტიური. პირველი უკავშირდება გრძნობებსა და ემოციებს, რომლებსაც განვიცდით სხვა ადამიანების ემოციების საპასუხოდ. მეორე კი, სხვისი ემოციების მიხვედრისა და ამოცნობის უნარია. ემოციების სწორი და ზუსტი ამოცნობა გვეხმარება, ბევრად უფრო მარტივად გავუგოთ ჩვენს თანამოსაუბრეს და დავამყაროთ ეფექტური კომუნიკაცია. როგორ განვავითაროთ ემპათიის უნარი? ემპათიის გაძლიერების ერთ-ერთი პრაქტიკული მეთოდია ჟურნალის წარმოება, როგორც საკუთარი, ასევე სხვა ადამიანების ემოციებზე დაკვირვების ჩასანიშნად. ამგვარ დაკვირვებებზე რეფლექსიითა და იმის გაანალიზებით, თუ როგორ რეაგირებენ სხვები თქვენს ქცევაზე და პირიქით, ადამიანს ეძლევა შესაძლებლობა, გააცნობიეროს სხვადასხვა პერსპექტივა და ემოციური გამოცდილება. თვითშემეცნება და საკუთარი თავის აღქმა “შეიცან თავი შენი” - წარწერა ქალაქ დელფოში მდებარე აპოლონის ტაძრის კედელზე. თვითშემეცნება გულისხმობს საკუთარი შინაგანი სამყაროს, მოტივაციებისა და სავარაუდო რეაქციების გააზრებას. ეს ნიშნავს თქვენი აზრების, განცდებისა და ქცევების გაცნობიერებას, რაც, საბოლოო ჯამში, გივითარებთ საკუთარი თავის ეფექტური რეგულირებისა და მართვის უნარს. გარდა ამისა, თვითშემეცნება აძლიერებს თქვენს ცოდნას იმის შესახებ, თუ როგორ აღგიქვამენ თქვენ სხვა ადამიანები და როგორ აღიქვამთ თქვენ საკუთარ თავს სხვადასხვა გარემოებაში. ამგვარი ცოდნა გადამწყვეტია პიროვნული ზრდის, ინტერპერსონალური ურთიერთობებისა და ზოგადი კეთილდღეობის მისაღწევად. როგორ განვივითაროთ თვითშემეცნება? ვინაიდან აღნიშნული უნარის განვითარება პირდაპირ კავშირშია ჩვენს შინაგან სამყაროსთან, აუცილებელია კარგად დავაკვირდეთ ჩვენს მოტივაციებსა და ქცევებს. პროცესი შეგვიძლია დავიწყოთ ე.წ. SWOT ანალიზით, რომელიც დაგვეხმარება, გამოვავლინოთ ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეები, შიშები და შესაძლებლობები. გახსოვდეთ, რომ ამ დროს აუცილებელია, საკუთარი თავი სხვისი თვალით დაინახოთ. ამ მიზნით, მაგალითად, სთხოვეთ რომელიმე მეგობარს თქვენზე SWOT ანალიზი მოამზადოს. ცნობისმოყვარეობა „რაიმე განსაკუთრებული ნიჭი არ მაქვს. უბრალოდ ძალიან ცნობისმოყვარე ვარ“ - ალბერტ აინშტაინი ცნობისმოყვარეობა ის პატარა ნაპერწკალია, რომელიც ყოველთვის გვეხმარება უკეთ გავუგოთ და დავეხმაროთ სხვა ადამიანებს.
RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=