116 | COSERE როგორ განვვითარდეთ ამ მიმართულებით? ცნობისმოყვარეობა ინტელექტის ფუნდამენტური თვისებაა, ხოლო ცნობისმოყვარე ქცევა ჩვენთვის განსაკუთრებით ნაცნობი და დამაინტრიგებელია. დაკვირვების, ანუ ადამიანის ქცევის გააზრების, მეთოდის განვითარება მართებული მიდგომაა, რადგან ის საშუალებას აძლევს ადამიანებს, გაიგონ უფრო მეტი საკუთარ თავსა და სხვებზე. წარმოიდგინეთ, მაღაზიაში, სალაროსთან რიგში, თქვენ წინ დგება ადამიანი. რას იგრძნობთ, თუკი გააცნობიერებთ, რომ მან ეს განზრახ გააკეთა? სავარაუდოდ, დაგეუფლებათ ბრაზის ან გაღიზიანების ემოცია. მაგრამ თუ ჩათვლით, რომ მან ვერ დაგინახათ, მაშინ ნაკლებად გაბრაზდებით ან შესაძლოა, საერთოდაც არ გაბრაზდეთ. ეს ერთი მარტივი მაგალითი ნათლად აჩვენებს იმას, თუ რა გავლენას ახდენს ჩვენი აზრები ჩვენს ემოციებსა და ქცევაზე. დაკვირვება ჩვენს საკუთარ აზრებზე, ემოციებსა და ქცევაზე აუცილებელი საწყისი ნაბიჯია ინტერპერსონალური ურთიერთობებისა და ემოციების მართვის გასაუმჯობესებლად. თვითშემეცნების კულტივირებით ადამიანებს შეუძლიათ, უკეთ გაიაზრონ საკუთარი ემოციებისა და რეაქციების გამომწვევი მიზეზები. ამ ცოდნის დახმარებით კი შეგვიძლია უფრო მიზანმიმართული და ადაპტური რეაგირება მოვახდინოთ სიტუაციებზე, რადგან შესაძლებლობა გვეძლევა, შევაფასოთ, რამდენად შეესაბამება ჩვენი ემოციები არსებულ გარემოებებს ან ახდენს თუ არა გავლენას წარსული გამოცდილება ან მიკერძოებული შეხედულებები ჩვენს ემოციებზე. თვითრეფლექსიისა და შეფასების პროცესი, ემოციური ინტელექტისა და ეფექტური ინტერპერსონალური კომუნიკაციის ფუნდამენტია. დაკვირვება ისეთ განმეორებად სიტუაციებსა ან აზრებზე, რომლებიც ბრაზს ან სხვა ძლიერ ემოციას იწვევს, ადამიანს ეხმარება, ამოიცნოს „პრობლემური ზონები“ ან ტრიგერები, რომლებიც ამ რეაქციებს წარმოშობს. გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირების შემდეგ პიროვნებას შეუძლია იმუშაოს მათ მოგვარებაზე, კოგნიტიური გადააზრების, ემოციების რეგულირების ტექნიკების ან პრობლემის გადაჭრის სტრატეგიების გამოყენებით. პრობლემური ზონების მოგვარებით ინდივიდები იუმჯობესებენ სხვადასხვა სიტუაციაში ემოციების გამოხატვისა და რეაგირების უნარს, რაც აუმჯობესებს საერთო ემოციურ კეთილდღეობასა და ინტერპერსონალურ ურთიერთობებს. ანალიტიკური აზროვნება როდესაც ვსაუბრობთ ემოციურ ინტელექტზე, როგორც შემეცნებით პროცესზე, გვერდს ვერ ავუვლით ანალიტიკური უნარების გამომუშავების საჭიროებას. ცხოვრების გზაზე გარდაუვლად შეხვდებით ერთ განსაკუთრებით რთულ სუბიექტს, სახელად „ადამიანს“. ეს ნიშნავს, რომ ძალიან ხშირად მოგიწევთ ფიქრი იმაზე, თუ რატომ, როგორ და რისთვის იქცევიან ადამიანები ამა თუ იმ სახით.
RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=