COSERE_WP4_Handbook_KA

124 | COSERE რა შეიძლება გააკეთოს მენეჯერმა დასაქმებულთა სტრესის თავიდან ასაცილებლად? ხშირად სტრესი წარმოიშობა სამუშაო მოთხოვნებსა და ხელმისაწვდომ რესურსებს შორის შეუსაბამობის მიზეზით. ამიტომ აუცილებელია, ყურადღებით შეარჩიოთ ისეთი თანამშრომლები, რომლებიც აკმაყოფილებენ სამუშაოს მოთხოვნებს და გააჩნიათ შესაბამისი მოტივაცია. მეორე ეტაპი გულისხმობს ახალი დაქირავებული თანამშრომლების სოციალიზაციისთვის საჭირო პროგრამების განხორციელებას, რათა მათ ორგანიზაციულ კულტურასთან ადაპტაცია გაუმარტივდეთ. გარდა ამისა, სასიცოცხლო მნიშვნელობის ფაქტორებია სათანადო ორგანიზაციული სტრუქტურის უზრუნველყოფა, მკაფიოდ განსაზღვრული ფუნქციებითა და პასუხისმგებლობებით, დაბალანსებული დატვირთვის შენარჩუნება, შესაბამისი ჯილდოს შეთავაზება, სამართლიანი ანაზღაურების სისტემის უზრუნველყოფა, თანამშრომლებისთვის მკაფიო მიზნების განსაზღვრა და შესრულებაზე რეგულარული უკუკავშირის მიწოდება. პოზიტიური ინტერპერსონალური ურთიერთობების ჩამოყალიბება, თანამშრომლების პასუხისმგებლობის გაზრდა და სხვადასხვა ამოცანის უზრუნველყოფა, ყველაზე ეფექტური სტრატეგიებია, რომლებსაც ადამიანური რესურსების მენეჯერები სტრესის სამართავად იყენებენ. ხელმძღვანელს/მენეჯერს შეუძლია იყოს პოზიტიური როლური მოდელი ხელქვეითებისთვის. სტრესის დონის ეფექტური მართვისთვის მენეჯერებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი: • ისწავლონ რეალისტური მიზნების დასახვა. • ხელი შეუწყონ თანამშრომლებში სამუშაოსადმი პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. • მოახდინონ ამოცანების დელეგირება დროის დაზოგვისა და თანამშრომლებში კმაყოფილების გაზრდის მიზნით. • იქონიონ პირისპირ დიალოგი და ღია, უშუალო ურთიერთობა თანამშრომლებთან/ დაქვემდებარებულებთან. • სამუშაო დღის დაწყება სერიოზული და რთული ამოცანების შესრულებით აუმჯობესებს შესრულების ეფექტიანობას, დღის ბოლოს კი, დამსახურებულ დასვენებას. • უზრუნველყონ დღის განმავლობაში რამდენიმე მოკლე შესვენება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სამუშაო პროცესი ემოციურ სტრესთანაა დაკავშირებული. სასარგებლოა, სტრესორისგან ფიზიკური დისტანცირება, მაგალითად, სამუშაო ადგილის დატოვება და ხანმოკლე დროით გასეირნება. მიზანშეწონილია საუზმეზე ოფისიდან გასვლა. ასევე ძალიან სასარგებლოა ორგანიზაციაში მოკლე შესვენებების ჩვევის დანერგვა.

RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=