COSERE_WP4_Handbook_KA

128 | COSERE პროფესიული გადაწვის სიმპტომები და ნიშნები პროფესიული გადაწვის დასადგენად საკუთარ თავს დაუსვით შემდეგი კითხვები: • გავხდი თუ არა სამსახურში ცინიკური, კრიტიკული ან დისტანცირებული? • მიჭირს თუ არა დილით გაღვიძება და სამსახურში წასვლა? • ადვილად ვღიზიანდები თუ არა სამსახურში ან უმიზეზოდ ვერთვები კონფლიქტებში თანამშრომლებთან, კლიენტებთან ან მომხმარებლებთან? მაწუხებს თუ არა ამ ადამიანების უბრალოდ არსებობა ჩემ ირგვლივ? • შევნიშნე თუ არა ჩემი პირადი პროდუქტიულობის შემცირება? • მაწუხებს თუ არა მუდმივი დაღლილობა და ენერგიის ნაკლებობა? • მიჭირს კონცენტრაცია? • დაკარგა თუ არა ჩემმა პროფესიულმა მიღწევებმა მნიშვნელობა? ამოცანის შესრულების შემდეგ მეუფლება თუ არა კმაყოფილების ნაცვლად ინდიფერენტულობის განცდა? • ფოკუსირებული ვარ თუ არა სამუშაოს ნეგატიურ ასპექტებზე? • მოვიხმარ თუ არა საკვებს, ალკოჰოლს ან სხვა ნივთიერებებს სტრესის დასაძლევად? • მაწუხებს თუ არა ხშირი ძილიანობა ან, პირიქით, მიჭირს დაძინება? • დამეწყო თუ არა თავის ტკივილები, საჭმლის მონელების პრობლემები ან სხვა სახის ფიზიკური ჩივილები? თუკი რამდენიმე შეკითხვაზე დადებით პასუხს გასცემთ, მაშინ შესაძლოა, დადგა დრო, შეცვალოთ თქვენი პროფესიული რეალობა. პროფესიული გადაწვის სავარაუდო მიზეზები მკვლევრები, რომლებიც პროფესიული გადაწვის მიზეზებს სწავლობენ, შეგვიძლია ორ ნაწილად დავყოთ: ისინი, ვინც პრობლემას პიროვნულ (ფსიქოლოგიურ) განსხვავებას მიაწერენ და ისინი, ვინც პროფესიული გადაწვის პრობლემას სოციალურ ფაქტორებს უკავშირებენ. ზოგიერთი მკვლევარი ამტკიცებს, რომ ინდივიდუალური განსხვავებები შედარებით უმნიშვნელო როლს თამაშობს პროფესიული გადაწვის განვითარებაში ისეთ ფაქტორთან შედარებით, როგორიცაა მაღალი სამუშაო დატვირთვა. ავტორთა უმეტესობა თანხმდება, რომ პროფესიული გადაწვა ძირითადად სოციალური ფენომენია, ვიდრე პიროვნული (Maslach et al., 2001). თუმცა სხვა კვლევებში ვკითხულობთ, რომ ადამიანები, რომლებსაც ახასიათებთ გარკვეული პიროვნული მახასიათებლები, როგორებიცაა დაბალი თვითშეფასება, მაღალი მოწყვლადობა, კონკურენტულობა, კონტროლის ძლიერი მოთხოვნილება და სამუშაოსადმი მაღალი მოლოდინები, უფრო მეტად არიან მიდრეკილნი პროფესიული გადაწვისაკენ. პროფესიული გადაწვის ფენომენის კვლევა მიმდინარეობს ასევე სხვა ფაქტორებთან ერთად, როგორებიცაა მიამიტური იდეალიზმი, კონტროლის ლოკუსი, უნარ-ჩვევების დეფიციტი და სხვა. პროფესიულ გადაწვას ასევე იკვლევენ გარემო ფაქტორებთან მიმართებითაც, მათ შორის სოციალური მხარდაჭერის ნაკლებობასთან, არაეფექტურ ლიდერობასთან, ჯილდოს არარსებობასთან, როლურ კონფლიქტებთან და სხვა. აღნიშნულ ფაქტორებს შორის ავტონომიის დაკარგვა პროფესიული გადაწვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და კრიტიკული ხელშემწყობი ფაქტორია.

RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=