COSERE_WP4_Handbook_KA

COSERE | 129 მენეჯერული პრობლემები, როგორებიცაა ორაზროვანი როლური მოლოდინები და გაუმართლებელი დროითი მოთხოვნები, ხშირად პროფესიული გადაწვის მიზეზებად სახელდება. სხვა ხელშემწყობი ფაქტორები შეიძლება იყოს: მოსწავლეთა დიდი რაოდენობა კლასში, თანამშრომლებთან ცუდი ურთიერთობა, არასათანადო ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა, დაბალი ანაზღაურება, არასაკმარისი რესურსები, იზოლაციის განცდა, ძალადობისადმი შიში და მოსწავლეთა ყოფაქცევა. სამუშაოს მახასიათებლები, როგორებიცაა ზედმეტად დიდი დატვირთვა და თანამშრომლების დროში შეზღუდვა, ჩვეულებრივ, პროფესიულ გადაწვასთან ასოცირდება. მასწავლებლების პროფესიული გადაწვის ხელშემწყობ ფაქტორებად ასევე დასახელდა როლური კონფლიქტები და როლების გაურკვევლობა. ეს არის მდგომარეობა, როდესაც როლი მასწავლებელს უყენებს კონფლიქტურ მოთხოვნებს და აკისრებს გაურკვეველ პასუხისმგებლობებს (Maslach et al., 2001). გარდა ამისა, გარემო ფაქტორები, როგორებიცაა ხმაური და მაღალი ტემპერატურა, ასევე შეიძლება გახდეს პროფესიული გადაწვის ხელშემწყობი ფაქტორები. გარდა ამისა, სამუშაო ავტონომიის ან კონტროლის ნაკლებობა - ანუ გადაწყვეტილების მიღების თავისუფლების სიმცირე - ზრდის პროფესიული გადაწვის რისკებს. მასლაჩისა და ლეიტერის დასკვნით, „როდესაც ადამიანებს არ აქვთ კონტროლი თავიანთი სამუშაოს მნიშვნელოვან ასპექტებზე, ისინი ვერ ახერხებენ გამოწვევებთან გამკლავებას“. რესურსების ნაკლებობა ასევე უწყობს ხელს პროფესიულ გადაწვას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არსებობს მხარდაჭერის ნაკლებობა მენეჯმენტისა და კოლეგების მხრიდან. მოკლედ, პროფესიული გადაწვის მიზეზები შემდეგნაირად შეიძლება ჩამოყალიბდეს: • ავტონომიის ნაკლებობა: თანამშრომლებს უჩნდებათ უსუსურობის განცდა, როდესაც მათ არ ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ გადაწყვეტილებები საკუთარ სამუშაოსთან დაკავშირებით (მაგალითად, სამუშაო გრაფიკის შედგენა ან ამოცანების განსაზღვრა). • არამკაფიო მოლოდინები: როდესაც თანამშრომლებმა არ იციან თუ რაში მდგომარეობს მათი ფუნქცია-მოვალეობები და როდესაც ხელმძღვანელები ვერ აწვდიან თანამშრომლებს მკაფიო მითითებებს. • არაჯანსაღი სამუშაო გარემო: ტოქსიკური ურთიერთობები კოლეგებს შორის, არაჯანსაღი კონკურენცია, მანიპულაციური და ძირის გამომთხრელი ქცევა ხელს უწყობს პროფესიულ გადაწვას. • რთული გრაფიკი: ერთფეროვანი ან ქაოსური სამუშაო გრაფიკი, რომელიც მუდმივი სტრესისა და გამოფიტვის მიზეზია. • ემოციური მხარდაჭერის ნაკლებობა: როგორც სამსახურში, ისე პირად ცხოვრებაში, იზოლირებულობის განცდამ შეიძლება გაამწვავოს პროფესიული გადაწვა. • პირადი ცხოვრების არარსებობა: როდესაც სამუშაო ადამიანის დროის უმეტეს ნაწილს იკავებს და აღარ ტოვებს ადგილს პირადი ცხოვრებისთვის. ეს და სხვა ფაქტორები, საბოლოო ჯამში, იწვევს პროფესიულ გადაწვას.

RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=