16 | COSERE 2.3.2. დუგლას მაკგრეგორი – თეორია X და თეორია Y. არსებობს ორი თეორია იმის გასაგებად, თუ როგორ მუშაობენ ადამიანები: თეორია X ადამიანების უმრავლესობისთვის მუშაობა არსებითად არასასიამოვნო პროცესია, ამიტომ ნებისმიერი გზით შეეცდებიან თავი აარიდონ სამუშაოს. ადამიანების უმეტესობა არ არის ამბიციური, ისინი გაურბიან პასუხისმგებლობას და ურჩევნიათ იყვნენ მართულნი სხვების მიერ. ადამიანების უმრავლესობას არ აქვს უნარი შემოქმედებითად მიუდგეს ორგანიზაციული პრობლემების გადაჭრის საკითხს. მოტივაცია ვლინდება მხოლოდ მასლოუს მოთხოვნილებათა იერარქიის ფიზიოლოგიურ და უსაფრთხოების დონეზე. ბევრი ადამიანი საკუთარ თავზეა კონცენტრირებული, ამიტომ, აუცილებელია, მათ ვინმე მკაცრი ხელით მართავდეს და ხშირად ახდენდეს ზეწოლას, რათა ორგანიზაციული მიზნების შესრულება შეძლონ. ადამიანების უმეტესობა ცვლილებებს ეწინააღმდეგება, მიამიტია და ინტელექტითაც არ გამოირჩევა. არსებითად, თეორია X ამტკიცებს, რომ თანამშრომლების მოტივაციის ძირითადი წყარო არის ფული, ხოლო უსაფრთხოება მოტივაციის მეორე ძლიერი ასპექტია. თეორია X-ის მიხედვით, სასურველი შედეგების მისაღწევად შესაძლებელია როგორც მკაცრი, ისე რბილი მიდგომების გამოყენება. თეორია Y თეორია Y-ის შემთხვევაში, მენეჯმენტი შემდეგ დაშვებებს ეყრდნობა: მუშაობა ისეთივე ბუნებრივი პროცესია, როგორც თამაში, თუკი შესაბამისი პირობები უზრუნველყოფილია. სამსახურებრივი და ორგანიზაციული ამოცანების ერთგული ადამიანები დამოუკიდებლად აკონტროლებენ საკუთარ თავს და ინოვაციურადაც უდგებიან საკითხებს. ადამიანები პასუხისმგებლობით მოეკიდებიან სამუშაოს შესრულების ხარისხსა და პროდუქტიულობას, თუკი იარსებებს ჯილდო, რომელიც დააკმაყოფილებს მათ მაღალ მოთხოვნილებებს, მაგალითად, თვითრეალიზაციას. კრეატიულობის უნარი მთელს ორგანიზაციაზე ვრცელდება. პასუხისმგებლობის შეგრძნებას კი ადამიანები დამოუკიდებლად გამოიმუშავებენ. მაკგრეგორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თეორია Y-ის მენეჯმენტი არ გულისხმობს რბილ მიდგომებს. ზოგიერთი დასაქმებული ვერ აღწევს სიმწიფის ისეთ დონეს, რომელსაც თეორია Y ითვალისწინებს და თავდაპირველად შესაძლოა საჭირო გახდეს უფრო მკაცრი კონტროლი, რომელიც თანამშრომლის განვითარებასთან ერთად სუსტდება. თუკი თეორია Y სიმართლეს შეესაბამება, ნებისმიერ ორგანიზაციას, თანამშრომელთა მოტივაციის გასაუმჯობესებლად, შეუძლია გამოიყენოს მართვის სამეცნიერო პრინციპები: დეცენტრალიზაცია და დელეგირება, სამუშაოს ფარგლების გაფართოება, მონაწილეობითი მართვა, ეფექტურობის შეფასება და ა.შ.
RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=