24 | COSERE 2.3.9. ჯორჯ ჰომანსი – სოციალური გაცვლის თეორია. სოციალური გაცვლის თეორია ძირითადად ამტკიცებს, რომ ადამიანები გადაწყვეტილებას იღებენ ცნობიერად ან არაცნობიერად, ურთიერთობის ან ქმედების სარგებლისა და ზიანის შეფასების საფუძველზე, საბოლოო ჯამში კი, სარგებლის მაქსიმიზაციის მისწრაფებით. აღნიშნული თეორიის ფოკუსს წარმოადგენს პირისპირ ურთიერთობები, ამიტომ საზოგადოებრივ დონეზე ქცევისა ან ცვლილების გასაზომად არ გამოდგება. სოციალური გაცვლის თეორიის თანახმად, ადამიანი აწონ-დაწონის და ერთმანეთს ადარებს სოციალური ურთიერთქმედების ზიანს (ნეგატიური შედეგი) და იმავე სოციალური კავშირის სარგებელს (პოზიტიური შედეგი). სარგებელი და ზიანი შესაძლოა იყოს მატერიალური, მაგალითად, ფული, დრო ან მომსახურება. ასევე შეიძლება იყოს არამატერიალური: ძალისხმევა, საზოგადოებისგან მოწონება, სიყვარული, სიამაყე, სირცხვილი, პატივისცემა, შესაძლებლობა და ძალაუფლება. ადამიანების სურვილია უფრო მეტი მიიღონ ინტერაქციის ან ურთიერთობისგან, ვიდრე რეალურად იღებენ. როდესაც ურთიერთობა ადამიანს სარგებელზე ძვირი უჯდება, ის წყვეტს ურთიერთობას, მაგრამ როდესაც ურთიერთობა საკმარის ჯილდოს უზრუნველყოფს, ადამიანი აგრძელებს ურთიერთობას. ის, თუ რა არის საკმარისი ან არასაკმარისი, დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, მათ შორის ადამიანის მოლოდინებზე და ასევე ურთიერთქმედებებსა და ურთიერთობებს შორის არსებულ განსხვავებებზე. სოციალური გაცვლის თეორიის კიდევ ერთი ასპექტის თანახმად, ადამიანები სანაცვლოდ სამართლიანობას მოელიან. ადამიანები მოელიან, რომ სამართლიანად დაჯილდოვდებიან მიღებული ზიანის შემთხვევაში, ხოლო როცა ეს ასე არ ხდება, ადამიანს უკმაყოფილება ეუფლება.
RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=