COSERE | 31 გაკვეთილის ფოკუსის განსაზღვრის გარდა, დაკვირვებისწინა შეხვედრის დროს, მასპინძელ მასწავლებელს შეუძლია კოლეგას მიაწოდოს კონკრეტული ინფორმაცია კლასის შესახებ, მათ შორის: • რამდენი მოსწავლეა კლასში? • როგორია მოსწავლეთა გადანაწილება აკადემიური შესაძლებლობების მიხედვით? • რა სახის წინასწარი ცოდნა გააჩნიათ მოსწავლეებს გაკვეთილის თემასთან და სასწავლო მიზნებთან დაკავშირებით? • მოსწავლეთა რა მახასიათებლები გაითვალისწინა მასწავლებელმა გაკვეთილის დაგეგმვისას? და სხვა დეტალები. გაკვეთილზე დაკვირვება: დამკვირვებელი მასწავლებელი კოლეგის გაკვეთილს წინასწარ შეთანხმებულ დროს ესწრება. მიზანშეწონილია, დაკვირვებისას დამკვირვებელი დარჩეს შეუმჩნეველი, რათა ძალაუნებურად არ მოხდეს საგაკვეთილო პროცესში ჩარევა. გადაადგილება საკლასო ოთახში შესაძლებელია, თუკი ამის მიზანი საჭირო მონაცემების შეგროვებაა. რეფლექსია გაკვეთილის შესახებ დაკვირვების შემდეგ, ვიდრე უკუკავშირის მიწოდებამდე, სასურველია მასწავლებელი დაფიქრდეს დაკვირვების ფოკუსზე. რეფლექსიის დროს გასათვალისწინებელი კითხვები: • რა იყო გაკვეთილის ძლიერი მხარე? • მიღწეული იქნა თუ არა დასახული მიზნები? • რა ფაქტორებმა შეუწყო ხელი ან შეაფერხა საგაკვეთილო პროცესი? • განმეორებით რომ ვატარებდე იმავე გაკვეთილს, რა კორექტივებს შევიტანდი? უკუკავშირის სესია: მასწავლებლის რეფლექსიის შემდეგ, დამკვირვებელ მასწავლებელს შეუძლია თავისი უკუკავშირი გაუზიაროს კოლეგას დაკვირვების საკვანძო ფოკუსის ასპექტების შესახებ. ფართოდ აღიარებული პრაქტიკის თანახმად, უკუკავშირი უნდა იწყებოდეს პოზიტიური ფრაზებით და ხაზი გაესვას გაკვეთილის წარმატებულ მომენტებს. უკუკავშირის მეორე ნაწილში, შესაძლებელია გასაუმჯობესებელი ასპექტების აღნიშვნა. იდეალურ შემთხვევაში, მენტორი უნდა ფოკუსირდეს ერთ მნიშვნელოვან ასპექტზე და კოლეგას კონსტრუქციული რჩევები შესთავაზოს.
RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=