COSERE_WP4_Handbook_KA

34 | COSERE 1.4. კრიტიკული მეგობარი და კრიტიკული მეგობრის ინსტიტუტი გაკვეთილზე დაკვირვება ყველაზე გავრცელებული მეთოდია სკოლაში მიმდინარე სასწავლო პროცესების გასაანალიზებლად. დაკვირვება შეიძლება ჩაატაროს დირექტორმა, გარე მონიტორმა ან სხვა მასწავლებელმა - კოლეგამ. დაკვირვების ობიექტი მასწავლებლისთვის გადამწყვეტია, წინასწარ იცოდეს დაკვირვების მიზნები და შეფასების კრიტერიუმები. მასწავლებლის საქმიანობის ყოვლისმომცველი შეფასების უზრუნველსაყოფად, რეკომენდებულია მინიმუმ ორი ადამიანი დააკვირდეს გაკვეთილს და შეადაროს შედეგები სხვა მონაცემებს, მაგალითად, მოსწავლეთა გამოკითხვას. არაერთი კვლევით (Alkhawaldeh, 2018; Kazemi, 2021; Porter Peters-Burton, 2021) დადასტურდა, რომ მასწავლებლების ყველაზე პრაქტიკული და შედეგზე ორიენტირებული პროფესიული განვითარება ხორციელდება სკოლის ბაზაზე, ალტერნატიული მეთოდების გამოყენებით. პროფესიული განვითარების ამ ფორმის ადაპტირება მარტივადაა შესაძლებელი მასწავლებლის სპეციფიკურ საჭიროებებთან და მოსწავლეთა სასწავლო მიზნებსა და ამოცანებთან. პროფესიული განვითარების ტრადიციული ფორმებისგან განსხვავებით, რომლებიც გარე წყაროებიდან მიღებულ სტანდარტიზებულ აქტივობებს მოიცავს, ზემოაღნიშნული მიდგომა საშუალებას აძლევს მასწავლებლებს პროფესიულად განვითარდნენ დაკვირვებაში მონაწილეობის, ანალიზის, რეფლექსიის, კოლეგებისგან მიღებული უკუკავშირის, ადგილობრივ გარემოში ახალი მეთოდების მოსინჯვისა და კოლეგებთან თანამშრომლობის მეშვეობით (Goddard, Goddard, Tschannen-Moran, 2007). მრავალ ქვეყანაში ჩატარებული კვლევები ეხმიანება მოსაზრებას, რომ რაც უფრო მჭიდროდაა დაკავშირებული პროფესიული განვითარების აქტივობები მასწავლებლის უშუალო სამუშაო ადგილთან, მათი ეფექტურობა უფრო მეტად იზრდება. სკოლის ბაზაზე დაფუძნებული პროფესიული განვითარება მჭიდროდ უკავშირდება პედაგოგიურ პრაქტიკას, რაც მასწავლებლებს საშუალებას აძლევს მალევე გამოიყენონ ახლად შეძენილი გამოცდილება საკლასო ოთახში. კოლეგების მუდმივი მხარდაჭერა აღნიშნულ პროცესში, აძლიერებს მასწავლებლების ნდობას (Svendsen, 2016) და ხელს უწყობს მათ მუდმივ პროფესიულ განვითარებას. გიბსის რეფლექსიის მოდელი (Gibbs, 1988) ხაზგასმით აღნიშნავს რეფლექსიისა და უკუკავშირის მნიშვნელობას ადამიანის პროფესიული განვითარების პროცესში. მასწავლებლები უკუკავშირს იღებენ პროფესიული თანამშრომლობით, იძენენ ახალ გამოცდილებას სოციალური ინტერაქციის, აზრებისა და იდეების გაზიარების საფუძველზე. სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების არსებით და თანმდევ პრინციპად თანამშრომლობა მიიჩნევა. იმისთვის, რომ სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარება ეფექტურად წარიმართოს, სკოლა და პედაგოგები უნდა იცნობდნენ მასწავლებლებს შორის პროფესიული თანამშრომლობის ალტერნატიულ ფორმებს, რაც საშუალებას მისცემთ, შექმნან სკოლის პროფილს მორგებული უნიკალური სისტემა. „კრიტიკული მეგობრის“ დანერგვა სკოლაში ხელს უწყობს ნდობასა და ურთიერთდახმარებაზე დამყარებული გარემოს ფორმირებას. ასეთ გარემოში, კოლეგები პროფესიულად ვითარდებიან, ხოლო ერთმანეთის მხარდაჭერითა და საკუთარი პრაქტიკის კრიტიკული ანალიზით, აუმჯობესებენ მოსწავლეთა შედეგებს.

RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=