36 | COSERE სკოლის ხელმძღვანელობას გადამწყვეტი როლი აქვს პროფესიული განვითარების ზემოაღნიშნული ფორმის წარმატებით განხორციელებაში. სკოლის ბაზაზე დანერგილი ნებისმიერი ინიციატივა მოითხოვს მხარდაჭერას სკოლის დირექტორისგან. „კრიტიკული მეგობრის“ წარმატებით განხორციელებისათვის სკოლის დირექტორმა, როგორც საგანმანათლებლო ლიდერმა, უნდა უზრუნველყოს: • ემოციურად უსაფრთხო გარემო. • პროფესიული განვითარების აღნიშნული ფორმის არსის სწორად გააზრება. • კრიტიკული მეგობრის წყვილების ან ჯგუფების დაკომპლექტებასა და მუშაობის შინაარსობრივ ნაწილში ჩაურევლობა. დირექტორმა არ უნდა მოსთხოვოს მასწავლებლებს კრიტიკული მეგობრის წევრებს შორის დადებული შეთანხმების ან გადაწყვეტილების კონფიდენციალურობის დარღვევა. • ძალისხმევისა და აღნიშნული პროცესის მნიშვნელობის პოპულარიზაცია და აღიარება. • კრიტიკული მეგობრის მეთოდში ჩართული მასწავლებლების მოტივაციაზე მოქმედი ფაქტორების შესწავლა და მასწავლებლებისთვის აღიარებისა და წახალისების შესაბამისი ფორმების შერჩევა. • მხარდაჭერის დემონსტრირება, შეხვედრებისთვის შესაფერისი ფიზიკური სივრცის გამოყოფითა და ორგანიზებით, სადაც შესაძლებელი იქნება პროფესიული დიალოგის წარმართვა ნაკლებად ფორმალურ გარემოში. სკოლას ასევე შეუძლია პერიოდულად მოიწვიოს დარგის ექსპერტები, რომლებიც ჩაატარებენ სემინარებს, მორგებულს კრიტიკული მეგობრის ჯგუფებში მონაწილე მასწავლებლების ინტერესებსა და საჭიროებებზე. „კრიტიკულ მეგობართან“ მუშაობას თან ახლავს გარკვეული გამოწვევები, რომელთა თავიდან აცილება ან მინიმუმამდე დაყვანა შესაძლებელია მათი წინასწარი იდენტიფიცირების შემთხვევაში. არსებობს რამდენიმე გამოწვევა და მათთან გამკლავების შესაბამისი გზები. კრიტიკული მეგობრის/მეგობრების შერჩევა - განსაკუთრებით დიდი კოლექტივის მქონე სკოლებში, სადაც კოლეგები კარგად არ იცნობენ ერთმანეთის პროფესიულ მახასიათებლებს და პიროვნულ თვისებებს, არცთუ ისე ადვილია კრიტიკული მეგობრის შერჩევა. კრიტიკული მეგობრის შერჩევისას იფიქრეთ იმაზე, თუ რას ელით აღნიშნული პროცესისა და კოლეგისაგან, რომელიც თქვენი კრიტიკული მეგობარი უნდა გახდეს. პროცესის ფორმალური განხორციელება - გასათვალისწინებელია, რომ იშვიათი გამონაკლისების გარდა, საწყის ეტაპზე „კრიტიკულ მეგობარში“ ჩართული ადამიანები ვერ აცნობიერებენ პროფესიული განვითარების აღნიშნული ფორმის არსს, ამიტომ ურთიერთობებს უმეტესად ფორმალური სახე აქვს. პროცესის ფორმალობა განსაკუთრებით აშკარაა, როცა კრიტიკულ მეგობარს მასწავლებელი პირადად არ ირჩევს, არამედ შერჩევის პროცესში ერთვება თავმჯდომარე, დირექცია და სხვა პირები. ფუნქცია-მოვალეობების გადანაწილება - სკოლის ხელმძღვანელობის წინაშე ანგარიშვალდებულების ნაკლებობის გამო, „კრიტიკულ მეგობარში“ ჩართული მასწავლებლების ნაწილმა შესაძლოა დროთა განმავლობაში სულაც არ შეასრულოს მათზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობები. ეს რისკი ბუნებრივად ახლავს ჯგუფურ კრიტიკულ მეგობარს, თუკი საწყის ეტაპზევე არ მოხდება ფუნქციების სათანადო დელეგირება და შესრულების მონიტორინგი.
RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=