COSERE | 37 საწყის ეტაპზე პროცესში ჩართულ მასწავლებლებს უჭირთ კრიტიკული მეგობრის როლის შესრულება. ამ სირთულის დასაძლევად და ზოგადად, პროცესის წარმატებისთვის, მნიშვნელოვანია, მასწავლებლებმა „კრიტიკული მეგობრის“ ჯგუფში გაწევრიანებამდე საკუთარ თავს დაუსვან შემდეგი კითხვა: როგორ უნდა ვითანამშრომლოთ ისე, რომ ინდივიდუალობაც შევინარჩუნოთ და ამასთანავე ერთმანეთს პრაქტიკის გაუმჯობესებაში დავეხმაროთ? პროფესიული განვითარების აღნიშნულ ფორმატში მუშაობისას, კოლეგები უნდა დააკვირდნენ უკუკავშირის მახასიათებლებს. მნიშვნელოვანია მუდმივად გვახსოვდეს, რომ უკუკავშირი უნდა შემოიფარგლოს რჩევებით, განმსჭვალული იყოს ზრუნვითა და პოზიტიური სიტყვებით. მნიშვნელოვანია ფაქტების აღწერა და არა მათი შეფასება. გაკვეთილზე ურთიერთდასწრება მასწავლებლებს შესაძლებლობას აძლევს დააკვირდნენ ერთმანეთის პედაგოგიურ პრაქტიკას და გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება საკუთარ მიდგომებსა და სტრატეგიებთან დაკავშირებით. შეხვედრის დროს მასპინძელ მასწავლებელს შეუძლია კოლეგებთან ერთად განიხილოს კონკრეტული სტრატეგიები ან მეთოდები, რაც ხელს უწყობს თანამშრომლობითი სასწავლო გარემოს შექმნას. გარდა ამისა, მასწავლებლებს შეუძლიათ მოიძიონ პროფესიული რჩევა მენტორისგან ან უფრო გამოცდილი კოლეგებისგან. ნებისმიერ შემთხვევაში, ორმხრივი ჩართულობა ღირებული პროფესიული განვითარების აქტივობაა, რომლის დანიშნულებაც მასწავლებელთა პრაქტიკის გაუმჯობესებაა.
RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=