COSERE | 45 • სოციო-კულტურული სწავლების თეორია: მოსწავლეთა ჩართულობასა და მოსწრებაზე თანამშრომლობის ზეგავლენის კვლევა. ზემოთ უკვე აღვწერეთ რამდენიმე მეთოდი, რომელთა მეშვეობითაც გაკვეთილის ერთობლივი დაგეგმვა შეესატყვისება კონსტრუქტივისტულ თეორიას განათლების სფეროში, თუმცა სხვა პრინციპებიც ახდენენ გავლენას აღნიშნულ პროცესზე. მათ შორისაა სოციო-კულტურული სწავლების თეორია: „სოციო-კულტურული თეორიის თანახმად, ადამიანის მიერ ცოდნის კონსტრუირება უპირატესად სოციალური პროცესია და ადამიანის შემეცნებითი ფუნქციები დამოკიდებულია მის ურთიერთქმედებაზე გარშემომყოფებთან, განსაკუთრებით იმ ადამიანებთან, ვინც მასზე „უფრო კვალიფიციურია“ (Structural Learning, 2023). კავშირი სოციო-კულტურულ თეორიასა და გაკვეთილის ერთობლივ დაგეგმვას შორის ალბათ უფრო თვალშისაცემია, ვიდრე კონსტრუქტივისტული პრინციპის შემთხვევაში. გაკვეთილის გეგმის შემუშავებისას კოლეგებთან თანამშრომლობის პროცესი სოციალური პროცესია, რომლის დროსაც მონაწილეები იღებენ ინფორმაციას, რომელიც სხვაგვარად შესაძლოა ვერც კი მიეღოთ. მაგრამ რა გავლენას ახდენს აღნიშნული მოსწავლეთა ჩართულობასა და მიღწევებზე? უპირველეს ყოვლისა, „ერთობლივი დაგეგმვა აქტიურად მოუწოდებს მასწავლებლებს, ფოკუსირდნენ ეფექტურ დიფერენციაციაზე, განჭვრიტონ მცდარი შეხედულებები და გაითვალისწინონ ალტერნატიული მიდგომები, რომლებიც მოსწავლეებმა შესაძლოა გაკვეთილზე გააჟღერონ“ (Ford, L., 2023). არსებობს ერთი ძველი გამოთქმა, რომ “ბევრი დამხმარე საქმეს ამარტივებს”, ზემოთ აღწერილი კონცეფცია კი, სწორედ ამ ანდაზის მართებულობის ეფექტური დადასტურებაა. პოტენციური სირთულეების ან გაუგებრობების გაანალიზებით, რომლებიც შეიძლება გაკვეთილზე წარმოიშვას, პედაგოგები ერთობლივი გაკვეთილის დაგეგმვის სესიიდან, რომელშიც არაერთი კოლეგა მონაწილეობს, გამოდიან ბევრად უკეთ აღჭურვილები ნებისმიერ პრობლემასთან გასამკლავებლად, რომლებიც შესაძლოა საკლასო ოთახში დაფიქსირდეს. გარდა ამისა, ამ პროცესს შესაძლოა ასევე ახლდეს მსუბუქი სოციალური ზეწოლა, რომ გაკვეთილი მომზადდეს მაქსიმალურად ეფექტურად, იმის გააზრებით, რომ გაკვეთილს საბოლოოდ კოლეგები კონსტრუქციულად შეაფასებენ. ეს, თავის მხრივ, აშკარად სასარგებლოა მოსწავლეთა ჩართულობისა და მიღწევების თვალსაზრისით, რადგან მასწავლებელი „დარწმუნებულია, რომ ყველა მოსწავლე მიიღებს ხარისხიან ცოდნას, მიუხედავად იმისა, თუ რომელ კლასში იმყოფება ის“ (Ford, L., 2023). ერთმა მასწავლებელმა, რომელსაც კომენტარი სთხოვეს ზემოაღნიშნული მიდგომის შესახებ, აღნიშნა, რომ გაკვეთილის ერთობლივი დაგეგმვა „მას ეხმარება… ფოკუსირდეს მოსწავლეთა მოსაზრებებზე, ეხმარება [მას] მიაღწიოს დასახულ მიზნებს და ჩაატაროს უკეთესი გაკვეთილი“ (Smith et. al, 2008). კითხვები ჯგუფური დისკუსიისთვის: კოლეგიალობის სულისკვეთებით გამართეთ მცირე დისკუსია თქვენს კოლეგებთან. როგორია მათი გამოცდილება გაკვეთილების ინდივიდუალური დაგეგმვის შესახებ? რა პოტენციურ სარგებელს ხედავენ ისინი გაკვეთილის ერთობლივი დაგეგმვის შემთხვევაში? ეხმიანება თუ არა კონსტრუქტივისტული ან სოციოკულტურული თეორია უშუალოდ მათ პედაგოგიურ ფილოსოფიას? დარჩებათ თუ არა იგივე შეხედულება გაკვეთილის ერთობლივი დაგეგმვის შემთხვევაში?
RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=