72 | COSERE პასიური კომუნიკაცია, როგორც სახელწოდება გვეუბნება, ნიშნავს საჯაროდ საუბრის სურვილის ნაკლებობას. კომუნიკაციის ამ სტილს შეიძლება ეწოდოს “არაკონფრონტაციული” ან “თავშეკავებული”. ასეთი ქცევის მრავალი პოტენციური მიზეზი არსებობს, მათ შორის დაუცველობის განცდა ან ნდობის ნაკლებობა. გარდა ამისა, პასიურმა მოსაუბრემ კომუნიკაციის ამგვარი სტილი შესაძლოა აირჩიოს უბრალოდ კონფლიქტის თავიდან აცილების სურვილით. თუმცა, პასიურმა კომუნიკაციამ შესაძლოა სირთულეებიც გამოიწვიოს, როდესაც ადამიანის საჭიროებები დაუკმაყოფილებელი რჩება, ვინაიდან მოსაუბრე არ საუბრობს საკუთარი თავის დასაცავად; ან პოტენციურად უფრო დიდი პრობლემებიც კი შექმნას, როდესაც გადაუჭრელი პრობლემები და დათრგუნული ემოციები საბოლოოდ მაინც იჩენს თავს. თუკი სპექტრის ერთ მხარეს პასიური კომუნიკაცია იკავებს, მაშინ უკიდურეს მეორე მხარეზე წარმოდგენილია აგრესიული კომუნიკაცია. პასიური მოსაუბრისგან განსხვავებით, აგრესიული მოსაუბრე ირჩევს დომინანტურ მიდგომას და საკუთარ საჭიროებებსა და მოსაზრებებს უფრო მაღალ მნიშვნელობას ანიჭებს. ასეთი თავდაჯერებული და ხისტი მიდგომა, სავარაუდოდ, მართლაც აძლევს აგრესიულ მოსაუბრეს მოკლევადიანი მიზნების მოკლე დროში მიღწევის საშუალებას, თუმცა, ეს არ იქნება მდგრადი პრაქტიკა, რადგან, როგორც წესი, ეს ყველაფერი მიიღწევა დაშინებითა და ხშირად სხვა ადამიანების გრძნობებისა და პირადი საზღვრების უგულებელყოფით. როგორც ასეთი, აგრესიული კომუნიკაცია, ფაქტობრივად, ნელი მოქმედების ნაღმია: მთავარი ის კი არ არის, გამოიწვევს თუ არა საბოლოო ჯამში ასეთი კომუნიკაცია ინტერპერსონალურ სირთულეებს, არამედ მნიშვნელოვანია, როდის მოხდება ეს. როგორც პასიური კომუნიკაციის შემთხვევაში, აქაც, სასურველია გათვალისწინებული იქნას აგრესიული კომუნიკაციის შესაძლო მიზეზები. სავარაუდოდ, აგრესიული კომუნიკაციის მიღმა, მართლაც შეიძლება იმალებოდეს მოწყვლადობა, თავდაჯერებულობის პრობლემა ან უბრალოდ ეს იყოს მავნე ჩვევა, შეძენილი წარსულში აგრესიული კომუნიკაციით მიღწეული მოკლევადიანი წარმატების შედეგად. როგორც ზემოთ აღინიშნა, ახლა უკვე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, თუ როგორაა განლაგებული კომუნიკაციის სხვადასხვა სტილი ქცევების სპექტრის სხვადასხვა წერტილში, რასაც ნიკოლსი „პასიურ - ასერტიულ - აგრესიულ კონტინუუმს“ უწოდებს (Nichols, 2020). როგორც სახელწოდება გვეუბნება, ასერტიული კომუნიკაცია კონტინუუმის შუა ნაწილშია განთავსებული. ასერტიულ მოსაუბრეებს, პასიური მოსაუბრეებისგან განსხვავებით, არ ეშინიათ საკუთარ შეხედულებებზე, შეგრძნებებსა და საჭიროებებზე საუბარი. აგრესიული მოსაუბრეებისგან განსხვავებით, ისინი პატივს სცემენ სხვის გრძნობებსა და პირად საზღვრებს. მათ თავდაჯერებულობას საფუძვლად არ უდევს სიბრაზე ან იმედგაცრუება და მათთვის აუცილებელი ინსტრუმენტი არა დაშინება, არამედ გონებისა და მიზნების სიცხადეა. ზოგადად რომ ვთქვათ, ასერტიული კომუნიკაცია ასევე გამოირჩევა თავისი უნარით, პოზიტიური ზემოქმედება მოახდინოს პრობლემის გადაჭრის პროცესზე, რადგანაც ასერტიულ მოსაუბრეს შესწევს უნარი, მოაგვაროს პრობლემა და ამავე დროს დარჩეს შედარებით დისტანცირებული მისგან, მაგალითად, თავიდან აიცილოს ჭარბი პირადი ენერგიის ინვესტირება სამუშაო ადგილზე არსებულ პრობლემებში.
RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=