COSERE | 73 მაშ ასე, ახლა უკვე შეგვიძლია განვასხვაოთ კომუნიკაციის სამი ძირითადი სტილი, პრობლემის გადაჭრისადმი მათი ინდივიდუალური მიდგომების მიხედვით, თუმცა, რა სახის არავერბალური ნიშნები შეგვიძლია გამოვიყენოთ იდენტიფიცირების პროცესის გასამარტივებლად? ზემოთ, პასიური მოსაუბრის შემთხვევაში, აღინიშნა შესაძლო დაუცველობისა და ნდობის პრობლემა. შესაბამისად, არაერთი ფიზიკური ქცევა, რომლებსაც ნერვიულობას მივაწერთ ხოლმე, გამოგვადგება პასიური კომუნიკაციის სტილის ამოცნობაში. პასიურ მოსაუბრეს შესაძლოა არ ჰქონდეს სურვილი ან თავს იკავებდეს დისკუსიაში მონაწილეობისგან, უჭირს ვიზუალური კონტაქტის შენარჩუნება, ან მეტისმეტად ხშირად იხდის ბოდიშს ყველაზე უმნიშვნელო შეცდომებისთვისაც კი. მეორეს მხრივ, აგრესიული მოსაუბრე, როგორც წესი, უფრო კონფრონტაციული და მოუთმენელია. მისი საჭიროებები და მოსაზრებები დომინირებს საუბრის მიმდინარეობისას, ხშირად სხვა ადამიანების ხარჯზე. ასერტიული მოსაუბრე კი მშვიდად და თავდაჯერებულად გამოხატავს საკუთარ განცდებს ან აზრებს, მკაფიო მაგრამ თავაზიანი ფორმით. იგი ინარჩუნებს ვიზუალურ კონტაქტს მთელი პროცესის განმავლობაში, აქტიურად უსმენს და იაზრებს სხვების შეხედულებებსა და წინადადებებს. თუმცა, კომუნიკაციის სხვადასხვა სტილის, ისევე, როგორც კომუნიკაციის ყველა ფორმის ზეგავლენა, სცდება დასაქმების ადგილზე არსებული ინდივიდუალური ურთიერთობების ფარგლებს. კომუნიკაციის სტილი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ოჯახების, თემების, სასკოლო ჯგუფებისა და ა.შ. დინამიკაზე. კონკრეტული საზოგადოების, გარემოს ზოგადი „კლიმატის“ ან ატმოსფეროს შეფასებით, შეგვიძლია საკმარისი სიზუსტით ვივარაუდოთ, თუ როგორია მთავარი „აქტორის“ კომუნიკაციის სტილი. თუკი შთაბეჭდილება გარემოს შესახებ არასახარბიელოა და თანამშრომლობის ნაკლებობაც შეიმჩნევა, დიდია ალბათობა იმისა, რომ მნიშვნელოვან აქტორს კომუნიკაციის პასიური სტილი ახასიათებდეს. მტრულ გარემოში, რომელშიც დაძაბულობის ან სტრესის მაღალი დონე შეინიშნება, სავარაუდოდ, აგრესიული კომუნიკატორები არიან ჩართულნი საერთო დინამიკაში. ისეთ გარემოში, სადაც უხვადაა ასერტიული კომუნიკაცია, შესაძლებელია სასიამოვნო შუალედის პოვნა, რომელიც ჯანსაღი ურთიერთობებით, პრობლემების ეფექტური გადაჭრითა და მკაფიოდ დადგენილი საზღვრებით ვლინდება. ახლა კი, როდესაც უკვე შეგვიძლია განვასხვაოთ კომუნიკაციის სამი ძირითადი სტილი და გავეცანით ასერტიულობის მნიშვნელობას, შევისწავლით, თუ როგორ გამოვიყენოთ კომუნიკაციის აუცილებელი უნარები ჯანსაღი ურთიერთობების განვითარებისა და შენარჩუნებისათვის. • ასერტიულობის მნიშვნელობა: გაგება იმისა, თუ როგორ უწყობს ხელს ასერტიულობა ჯანსაღი ურთიერთობების განვითარებასა და შენარჩუნებას.
RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=