COSERE | 77 • აქტიური მოსმენა ასერტიულობაში: საუბრისა და მოსმენის დაბალანსება ეფექტური კომუნიკაციისთვის. წინა ქვეთავში, კომუნიკაციაში აქტიური მოსმენის უპირატესობების განხილვისას, ჩვენ მოვახდინეთ როსტისა და უილსონის ციტირება, რომლებიც თავიანთ ნაშრომში ცალსახად ამტკიცებენ, რომ „მოსმენა დღეს უკვე სამართლიანად მიიჩნევა… კომუნიკაციის უნარის ფუნდამენტად“ (Rost & Wilson, 2013). მიღებული ცოდნის საფუძველზე, ახლა უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასერტიული კომუნიკაცია წარმოადგენს კომუნიკაციის ყველაზე ჯანსაღ და ეფექტურ ფორმას. ამ ორი მიდგომის კომბინაციით ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ ეფექტური კომუნიკაციის ისეთ დონეს, რომლისკენაც ბევრი ადამიანი დიდი ხანია ისწრაფვის. თუმცა, ამ ყველაფრის განვითარება უფრო მარათონია - ვიდრე სპრინტი! ნუ გექნებათ მოლოდინი, რომ როგორც კი ამ მოდულის ბოლო გვერდს ჩაიკითხავთ, მაშინვე შეძლებთ ზემოაღნიშნული თეორიების ინტეგრირებას თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ნაცვლად ამისა, დაიწყეთ მითითებული რჩევებისა და ტექნიკების „მცირე დოზებით“ გამოყენება და დროთა განმავლობაში თანდათან გაზარდეთ მათი გამოყენების სიხშირე. ამით საკუთარ თავს შეუქმნით რეალისტურ მოლოდინებს და დროთა განმავლობაში ის, რაც ოდესღაც რთული გეჩვენებოდათ, გარდაიქმნება ჩვევად და საბოლოოდ, სრულიად ბუნებრივ მოვლენად ჩამოგიყალიბდებათ. აქტიურ მოსმენას შეხედეთ ისე, როგორც ერთგვარ ხიდს, გადებულს ასერტიულ გამოხატვასა და მიმღებლობას შორის. აქ საკვანძო სიტყვაა „აქტიური“, ზედსართავი სახელი, რომელიც ზუსტად ასახავს ასერტიული კომუნიკაციის დანიშნულებას, რომელიც, როგორც წესი, „აქ და ახლა“ ხდება. ასერტიული კომუნიკაცია, როგორც წინა თავში იქნა აღწერილი, ნაკლებად გულისხმობს გადაბრალებას, დაპირისპირებისგან ან კონფლიქტისგან თავის არიდებას. ის ფოკუსირებულია პრობლემის გადაჭრაზე, მისი დაფიქსირების შემთხვევაში. ანალოგიურად, აქტიური მოსმენა მოითხოვს კონკრეტულ მომენტში გონების სიცხადესა (მაინდფულნესი) და მზადყოფნას, რისი წყალობითაც აქტიური მსმენელი ახერხებს მიწოდებულ ინფორმაციაზე გააზრებულ რეაგირებას. აქედან გამომდინარე, ორივე ფაქტორი უნდა მუშაობდეს ტანდემში, რათა მაქსიმალურად გაიზარდოს ეფექტური კომუნიკაცია. გარდა ამისა, ადამიანებს, რომელთა მოსაზრებასაც აქტიურად უსმენენ, უფრო მეტად უჩნდებათ განცდა, რომ მათი გზავნილი „მიღებული იქნა“ და რომ მსმენელი იყო გულწრფელი და თავაზიანი. ეს კი, თავის მხრივ, ხელს უწყობს პატივისცემის ჩამოყალიბებას, რომელიც თავდაჯერებული კომუნიკაციის აუცილებელი რეზულტატია. მაშასადამე, სინერგია ზემოაღნიშნულ ორ კონცეფციას შორის ნათელია, თუმცა, როდესაც გვსურს აქტიური მოსმენის რეალურად ინტეგრირება ასერტიულ კომუნიკაციაში, რითი უნდა დავიწყოთ პროცესი? ყველაფერი იწყება იმის დასწავლით, თუ როგორ დავიცვათ სწორი ბალანსი საუბარსა და მოსმენას შორის და როგორ გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული შესაძლებლობები კომუნიკაციისას, რათა ის მაქსიმალურად ეფექტურად წარვმართოთ. ეფექტური კომუნიკაცია გარკვეულწილად ცეკვას ჰგავს. ეს არის თანამშრომლობითი პროცესი, რომელშიც ორივე მხარე სინქრონულად უნდა მოძრაობდეს საუკეთესო შედეგის მისაღწევად. ხანა კომუნიკაციის ამ ასპექტს „ტყუპების ურთიერთობას“ უწოდებს (Khanna, 2020). აუცილებელია, რომ ერთი მხარე უზრუნველყოფილი იყოს შესაძლებლობით, გამოხატოს საკუთარი აზრი, ხოლო მეორე ამასობაში მხარს უნდა უჭერდეს მოსაუბრეს, სანამ ის საკუთარ აზრს ჩამოაყალიბებს. ამ ყველაფერს სჭირდება მოთმინება, დროის სწორად გათვლა და, უპირველეს ყოვლისა, ყველა მონაწილის კეთილი ნება.
RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=