COSERE_WP4_Handbook_KA

COSERE | 87 პრობლემის იდენტიფიცირება: • განსაზღვრეთ თქვენ წინაშე არსებული კონკრეტული პრობლემა, საკითხი ან გამოწვევა და დაადგინეთ მისი გამომწვევი მიზეზები. გაარკვიეთ, თუ რომელი სტანდარტის ან მოლოდინის არშესრულებამ ან პროცესმა გამოიწვია პრობლემა. • შეისწავლეთ და დოკუმენტურად აღწერეთ, თუ როგორ მუშაობს ამჟამად პრობლემასთან დაკავშირებული პროცესები. • შეაგროვეთ სათანადო მონაცემები და ინფორმაცია პრობლემის ძირეული მიზეზების დასადგენად. არ შეეცადოთ გადაჭრათ პრობლემა მონაცემების შესწავლის გარეშე. საგანმანათლებლო ლიდერები, ხშირ შემთხვევაში, გვერდს უვლიან დაწესებულებაში არსებული პრობლემების არსისა და საფუძვლების შესახებ ინფორმაციის უტყუარობის გადამოწმებას, რაც, შესაბამისად, ნეგატიურად აისახება მათ უნარზე, ეფექტურად მოაგვარონ პრობლემები (Sinnema, 2023). მონაცემთა შეგროვების პროცესში, შესაძლოა, დაგჭირდეთ ინფორმაცია სხვადასხვა დაინტერესებული მხარისგან. ამ მიზნით, გამართეთ საკონსულტაციო შეხვედრები თითოეულ მონაწილესთან, მათ შორის მასწავლებლებთან, პერსონალის წევრებთან, მოსწავლეებსა და მშობლებთან. პრობლემის ძირეული მიზეზების იდენტიფიცირებისთვის, შეგიძლიათ გამოიყენოთ საკიჩი ტოიოდას მიერ შემუშავებული „5 რატომ“-ის მეთოდი ან „თევზის ძვლის“ (Fishbone) დიაგრამა. არ დაგავიწყდეთ, განასხვაოთ ფაქტები და მოსაზრებები ერთმანეთისგან. • გადახედეთ პრობლემის თქვენეულ განმარტებას და დაამატეთ პრობლემაში ჩართული სხვადასხვა დაინტერესებული მხარისგან მიღებული მონაცემები. • შეაფასეთ პრობლემის ზეგავლენა სკოლის მისიაზე, ხედვასა და მიზნებზე, რათა განსაზღვროთ, თუ რომელია პრიორიტეტული პრობლემა იმ პრობლემებს შორის, რომლებთანაც ამჟამად გაქვთ შეხება. პრობლემის გადაწყვეტის გენერირება: • შექმენით პრობლემის გადაჭრაზე მომუშავე გუნდი. პრობლემის მოგვარებაზე დამოუკიდებლად მუშაობის ნაცვლად, ალტერნატიული ვარიანტების მოძიების პროცესში ჩართეთ ყველა დაინტერესებული მხარე (მაგ., მასწავლებლები, მშობლები, მოსწავლეები, ადმინისტრაცია და ა.შ.). შეძლებისდაგვარად, დარწმუნდით, რომ გუნდი ფლობს პრობლემის გადაჭრისთვის საჭირო სხვადასხვა უნარსა და პერსპექტივას. • შექმენით თანამშრომლობითი გარემო, რომელშიც ცენტრალური ადგილი უკავია ღია კომუნიკაციას და შესაძლებელია მრავალფეროვანი იდეების გაზიარება. • გონებრივი იერიშით ჩამოაყალიბეთ პრობლემის გადაჭრის გზები. გამოიყენეთ შემოქმედებითი აზროვნების არაფორმალური მეთოდები პოტენციური გადაწყვეტების მოსაფიქრებლად. რჩევა: გონებრივი შტურმის დროს თავი შეიკავეთ დასახელებული გადაწყვეტების შეფასებისგან, მიეცით პროცესს ბუნებრივად წარმართვის საშუალება და უზრუნველყავით, რომ რაც შეიძლება მეტი გამოსავალი იქნას გენერირებული. პრობლემის გადაწყვეტების შეფასება და არჩევა: • გუნდურად და მიუკერძოებლად გააანალიზეთ გონებრივი შტურმის შედეგად გენერირებული გადაწყვეტის გზები. შეაფასეთ მოფიქრებული გამოსავლის სამომავლო შედეგები. • ანალიზის შემდეგ შეარჩიეთ ყველაზე ეფექტური და ქმედითი გამოსავალი.

RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=